თეგი: ლექსო ლეკიაშვილი

ჯადოქართა ჩოგანი

ბასილაშვილის საქმეზე ვწერ. საქმეზე, რომლის მსგავსიც ათასობით განიხილება ნორმალურ ქვეყნებში. მსგავსი საქმეები ყოველთვის იწვევს მითქმა-მოთქმას, განსაკუთრებით, თუ ცნობილ ადამიანებს ეხება. მაგრამ ეს საქმეები ყოველთვის რჩება ხოლმე საზოგადოებრივი და მედიის განხილვის დონეზე და არასდროს გადადის პოლიტიკურ ჭრილში. ეს ნორმალურ ქვეყნებში. ახლა ვნახოთ, რა ხდება საქართველოში. Facebook-ის მუდმივად პოლარიზებულმა ქართველმა მომხმარებელმა ამ შემთხვევაშიც შეინარჩუნა სტატუს-კვო და პოლიტიკურ ჭრილში გადაწყვიტა ყველაფერი. „ბაბლი“ ასე დაიყო - ფუნდამენტალისტი „ქოცები“ ერთმანეთს ულოცავდნენ ბასილაშვილის გამართლებას, ხოლო დანარჩენი ნაწილი ზიზღით იფურთხებოდა მოსამართლის (განაჩენის წაკითხვისას მიღებული გამომეტყველების გამო), ზოგადად ქართული სასამართლოს (გაქანებული ფემიციდის დროს ძალადობაში ბრალდებულის გამართლების გამო), ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერების (გამაღიზიანებელი ნიშნისმოგების გამო) და ვლადიმერ პუტინის (ყოველი შემთხვევისთვის) მისამართით. არადა, ეს საქმე ჩვეულებრივ, „სელებრითების სასამართლოდ“ დარჩებოდა, რომ არა ფემიციდის რეალური პრობლემა, ოჯახური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობის არნახული ზრდა და ამ ყველაფერზე მმართველი ძალის მხარდამჭერი, რეალური თუ არარეალური მომხმარებლების დამცინავი დამოკიდებულება. „თუ გინდა, იპოვო დამნაშავე, ეძებე ის, ვისაც ეს დანაშაული სარგებელს მოუტანდა“ (უცნობი ავტორი) ზოგადად, ნებისმიერი თემის პოლიტიკურ სარგებლად ქცევა ქართული პოლიტიკის ექსკლუზივია. მაგრამ, ლოგიკურად რომ გავყვეთ, რატომ უნდა აწყობდეს ან მმართველ და ან ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში ქალთა მკვლელობები და ამისი მორალური მხარდაჭერა სასამართლოს  (ანუ სახელმწიფოს)  მიერ? ხაზს ვუსვამ - ეს განაჩენი სწორედ ასე იქნა აღქმული საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. რეალურად, ბოლო დროს გახშირებული ქალთა მკვლელობები არ არის შემთხვევითი მოვლენა - ეს რამდენიმე ფაქტორის ერთდროული მოქმედების შედეგია. კერძოდ:  1. ყბადაღებული „ქართული მენტალიტეტი“ და „ტრადიციები“, რომელიც, სინამდვილეში, „ქართული საბჭოთა მენტალიტეტი“ და „საბჭოთა ტრადიციებია“ და არაფერი აქვს საერთო რეალურ ქართულ აზროვნებასთან - პირიქით, უფრო ფუნდამენტალურ ისლამს უთანაბრდება ქალთა მიმართ დამოკიდებულებაში და მათზე ძალადობის მხრივ ხშირად აჭარბებს კიდეც.  2. რელიგიური ფაქტორი - რომელიც, უმეტესწილად, ისევ „ტრადიციად“ საღდება და რომელსაც არ ჰყავს პატრონი, რომ ადამიანებს გასაგებად აუხსნას, რას გულისხმობს ესა თუ ის მონაკვეთი საღვთო სჯულსა თუ სხვა წიგნებში.  3. თაობათა შორის არასწორი კავშირი - მოძალადე მშობლები და ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან გარემოში, სადაც ძალადობა და სიყვარული ხშირად გაიგივებულია.  4. განათლების ძირეული პრობლემა - ბავშვთა მოძულე მასწავლებლები, „კარგ მენეჯერებად“ მონათლული, თავის მართლებაში დახელოვნებული დირექტორები, არაპროფესიონალებით სავსე რესურსცენტრები და რეალურ საჭიროებებს აბსოლუტურად აცდენილი სასწავლო პროგრამა.  5. რუსული პროპაგანდა - უამრავი არასამთავრობო, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის, ძირითადად მოძალადე ჯგუფები, რომელთა დაფინანსებაც პირდაპირ, უკვე ღიად და დაუფარავად მიბმულია რუსეთის სპეცსამსახურებზე და რომელთა მეშვეობითაც მუდმივად ვრცელდება ფემიციდის თუ სხვა ტიპის ძალადობის წამახალისებელი მესიჯები. ამ ყველაფრის მოგვარებას ნორმალური საზოგადოება ამდენი წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოახერხებდა. ჩვენც მოვახერხებდით, რომ არა ერთი კონკრეტული, ძალიან დიდი და სერიოზული მიზეზი ამ ყველაფრისა - ქართული სახელმწიფო და მმართველი პარტია, რომელიც საზოგადოების წევრებს მხოლოდ ამომრჩევლებად და სტატისტიკად აღიქვამს. უკუღმა გავყვეთ - ოკუპანტის პროპაგანდის აღმოფხვრა ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლება პრორუსულ ჯგუფებს ხელს არ უშლის და სწორედ ასე ცდილობს, ამომრჩევლის იმ ნაწილის გული მოიგოს, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს „საბჭოთა სიკეთეები“ და არამარტო სსრკ-ში, 90-იანებში დაბრუნებასაც კი ნატრობს. განათლების პრობლემასაც მივხედავდით აქამდე, რომ არა აგიტატორებად ქცეული მასწავლებლები, კოორდინატორებად ქცეული დირექტორები, ოდეერებით სავსე რესურსცენტრები და რადარებიდან გამქრალი განათლების სამინისტრო. თაობათა კავშირსაც მიეხედებოდა აქამდე, რომელიმე თაობას მაინც ნორმალური დასაქმებისა და პოტენციალის რეალიზების პირობები რომ ჰქონოდა - სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური, უმეტესწილად, ბირჟაზე მდგომი, უსაქმური ხალხის საქმეა და ფემიციდის შემთხვევათა უმეტესობაც, სწორედ მსგავსი, კვაზისოციუმების წახალისებით ხდება - რეგიონებში განსაკუთრებით. რელიგიური ფაქტორი ცალკე პოსტის თემაა - ქართული პოლიტიკური ძალები, უკვე ათწლეულებია, საკუთარი დაკარგული ნდობის ჩანაცვლებას ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კეკლუცობით, კოალიციებითა და მათთვის უზარმაზარი ბენეფიტების შეთავაზებით ცდილობენ, ხოლო შედეგად ვიღებთ ამბიონიდან და მიტინგის ტრიბუნიდან ძალადობის ქადაგებას, სადაც ძალადობის ადრესატი, უმეტესად, ხელისუფლებისთვის არასასურველი პერსონები და სოციალური ჯგუფებია (გაიხსენეთ 2021 წლის 5 ივლისი). მენტალიტეტის ცვლილება ყველაზე შრომატევადი და გრძელვადიანი საქმეა, მაგრამ ამასაც მოვერეოდით, რომ არა ამ მენტალიტეტის გადაჯაჭვულობა კრიმინალურ მენტალიტეტთან და ამ მენტალიტეტის მქონეთა აქტივობის გამოყენება მმართველი ძალების მიერ ყველა არჩევნებზე, რაც, ბოლო დროს, ფაქტობრივად, ნორმად იქცა. კი, ჩვენ შევძლებდით, ამ ყველაფრისთვის ეტაპობრივად მოგვევლო და მოგვეგვარებინა, რომ არა ხელისუფლების დაინტერესება, ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის. ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, ითქვას, შუა საუკუნეების მსგავსი „ჯადოქრებზე ნადირობაა“ გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი, ბასილაშვილის საქმე, შესაძლოა, ახალ „ჯადოქართა უროდ“ - ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცეს, რომელიც ყველა მოძალადეს ხელებს გაუხსნის, ხოლო ძალადობის მსხვერპლ უამრავ ქალს იმედს მოუკლავს, რომ სამართლის პოვნა ნორმალური გზით შესაძლებელია. ასე აღიქვამს ამას ყველა, მმართველი ძალის მხარდამჭერების გარდა. ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, კონვეიერული წესით ამრავლებს უბედურ ადამიანებს. ხოლო უბედური ადამიანი იდეალური გადამხდელია  რელიგიური ორგანიზაციებისთვის (ირაციონალურ ტკივილებს ირაციონალური წამალის ძიებამდე მივყავართ) და იდეალური ამომრჩეველია მმართველი ძალისთვის (მაინც არაფერი შეიცვლება და რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას). ამ ყველაფერს დავუმატოთ აბსოლუტურად ნდობადაკარგული სასამართლო, რომელიც საზოგადოებისთვის „მურუსიძეებთან“ ასოცირდება, და მივიღებთ სიტუაციას. სადაც საზოგადოების მოთმინება და იმედი თანაბარპროპორციულად იწურება. ჩემს მშობლიურ კუთხეში, ქიზიყში, ნებისმიერი მეღვინე გლეხი გეტყვით, რომ ღვინის დუღილის დროს ჭურჭელს თავი არ უნდა დაახურო - გახეთქავს. დროებით.  ლექსო ლეკიაშვილი

შენი ბრძოლა

შენი ბრძოლა „სიცოცხლე იმად არა ღირს, რომ მისი გულისთვის სიკვდილის შიშს მონად გაუხდე“ © ჯემალ ქარჩხაძე, „ანტონიო და დავითი“   ვიცი, ვინც ხარ. როგორც უნდა დამალო შენი ნამდვილი სახე, მაინც გიცნობ. არ ვიცი, კონკრეტულად რა გქვია, მაგრამ არც აქვს მნიშვნელობა. არც ასაკს აქვს მნიშვნელობა, არც გვარსა და ეროვნებას. მთავარი ისაა, რომ ხარ, მაგრამ ჯერ არ არსებობ. არსებობა ფუფუნებაა - მარტო ისინი ვარსებობთ, ვისაც საკუთარი საზღვრების მოხაზვა და მათი დაცვა შეგვიძლია. შენც შეგიძლია, მაგრამ ჯერ არ იცი, რომ შეგიძლია. იმისთვის, რომ არსებობა დაიწყო, ჯერ საკუთარი თავი უნდა შვა - უნდა დაიბადო. დაბადებისთვის კი ძალიან, ძალიან, ძალიან მძიმე ბრძოლაა საჭირო. ნუ გგონია, რომ შენი დაბადებისთვის მაინცდამაინც „უცხოტომელების“ დამარცხებაა აუცილებელი. ცდები, თუ ფიქრობ, რომ შენს დაბადებას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სჭირდება. ტერიტორიებიც იმიტომაა ოკუპირებული და სხვა, ჯერჯერობით არაოკუპირებულ მიწებსაც იმიტომ გაჭრიან ლუკმა-ლუკმა, რომ შენ არ არსებობ. რომ დაიბადო და არსებობა დაიწყო, მამაშენი უნდა დაამარცხო. ჰო, არ მოგეჩვენა - მამაშენი უნდა დაამარცხო. მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ შენი კაცობა და ოჯახის ღირსება შენი ოჯახის წევრი ქალების სექსზე გადის. როცა ურტყამ შვილს, რომელიც ვერ დაიცავი და რომელიც შენგან დახმარებას ელოდება, ამ დროს არ არსებობ - ეს მამაშენი მოქმედებს შენი სხეულით. უნდა დაამარცხო მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ კაცობას განათლება არ სჭირდება და რომ ქუჩა აკადემიაა. შესაძლოა, მამაშენი არც იყო - დედაც შეიძლება, ყოფილიყო, რომელმაც გითხრა, რომ ქალს არ უხდება სხვა სამსახური, გარდა მასწავლებლობისა. ან შენი ბიძაშვილი, რომელმაც გითხრა, რომ ქალს სიტყვა არ უნდა გაატანინო და თუ ძალიან გეჯიუტება, უნდა სცემო, დაასახიჩრო, მოკლა კიდეც. ან შენი უბნის ბირჟავიკი - ბევრ ფულს რომ შოულობდა რუსეთში, ახლა რომ შენთან ერთად დგას ბირჟაზე და გაუთავებლად ჭორაობს შენი უბნის ქალებზე. ან შენი სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო - წიგნი რომ გოიმობა ეგონა და მარად დაძაბული, მარად შავსათვალიანი, მუხლებში ჩაღუნული ტიპები მოსწონდა. ან შენი მოძღვარი, რომელმაც გითხრა, რომ ქმარი თავია ოჯახისა და ცოლს მორჩილება ევალება. ან პაპაშენი, რომელმაც გითხრა, რომ სტალინი მაგარი კაცი იყო. ან ბიძაშენი, რომელმაც გითხრა, რომ მჟავანაძე მაგარი კაცი იყო. ან შენი მასწავლებელი, რომელმაც გითხრა, რომ ჰიტლერი იყო კარგი, იმიტომ, რომ სტალინს ებრძოდა. ან შენი მეზობელი, რომელიც გეუბნება, რომ ლუკაშენკო მაგარი კაცია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო - ყველა მათგანის დამარცხება მოგიწევს. ყველა მათგანმა, ზომბი-ვირუსის მსგავსად, თავისი იდეოლოგიის ნაწილი ჩათესა შენში, შენი პიროვნება გააქრო და მისი ადგილი თავად დაიკავა. ვიცი, რომ ძალიან პატარა იყავი, მარტო დარჩენის, ყველასგან გარიყვის შეგეშინდა, მათი გულის მოგება გინდოდა, ამიტომ პირდაპირ, გაუაზრებლად გადაყლაპე ყველაფერი, რასაც გეუბნებოდნენ და ამიტომ შეუერთდი უსახურ, ნაცრისფერ მასას. ახლა ეს ყველა ნაგავი, რაც გადაყლაპე, შენი აზრები, ფიქრები, შიშები და სირცხვილები გგონია. ამიტომ არ არსებობ. შვილი ხარ, ქმარი, მეზობელი, ნათესავი, გადასახადების გადამხდელი, ამომრჩეველი და მრევლი. შენ - შენ არ ხარ, ანუ არ არსებობ. თუ გინდა, რომ დაიბადო (და ვიცი, რომ გინდა), უნდა განიწმინდო მაგ ინფორმაციისგან. ვიცი, რომ ისევ გეშინია მარტოობის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი მეგობარი გეყოლება, თუ არ არსებობ? უნდა დაამხო შენში ყველა კერპი და ავტორიტეტი, ვინც შენზე გავლენას ახდენდა და ახდენს. უნდა „მოკლა“ შენში მამაშენი. ზევსი ხო გაგიგია? ბერძნების მთავარი ღმერთი, ელვებს რომ ირტყმევინებოდა. ეგეც მაგის შემდეგ გახდა ღმერთი, რაც მამამისი დაამარცხა. უნდა იცოდე, სად მთავრდება „საზოგადოება“ და სად იწყები შენ. ესაა ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელიც უნდა გადაიხადო, რომ არსებობა დაიწყო. დღეს ეგ ბრძოლაა შენი დიდგორი, შენი შამქორი და შენი ბასიანი ვიცი, რომ გამოგივა.                                                                                                P. S. იცი, საიდან ვიცი შენს შესახებ ამდენი რამე? შენ - ეს მე ვარ, ოღონდ ადრე. ამიტომ მჯერა შენი და ვიცი, რომ შეძლებ. სხვანაირად უბრალოდ გაქრები, თითქოს არც ყოფილხარ, და მორჩა.

პირველად იყო სიტყვა

სიტყვიდან დაიწყო ყველაფერი და, შესაბამისად, ინფორმაციის ყველაზე კარგი შემნახველი სწორედ სიტყვებია. დანაწევრებული მეტყველება განასხვავებს ადამიანს სხვა პრიმატებისგან და თუ გვინდა, გავიგოთ, რას ფიქრობს, რა უყვარს, რისი ეშინია, სიტყვებს უნდა დავაკვირდეთ. არის ასეთი ფილმი, The Book of Elly, დენზელ ვაშინგტონისა და უგენიალურესი გარი ოლდმენის მონაწილეობით, მოქმედება ხდება პოსტაპოკალიპტურ, ბირთვული ომის შემდგომ სამყაროში, სადაც მთავარი ბოროტმოქმედი, ყაჩაღების ბანდის მეთაური და ქალაქის თვითგამოცხადებული მმართველი, მთელი ფილმის განმავლობაში, ეძებს ბიბლიის ერთადერთ გადარჩენილ ეგზემპლარს. როცა ეკითხებიან, რატომ ეძებ ამ წიგნსო, პასუხობს - იქ სწორი სიტყვები სწერია და ხალხის მორჩილებას, რასაც ახლა იარაღითა და შიშით ვაღწევ, მერე სიტყვებით მივაღწევო. ასე იყო ყოველთვის - საჭირო და სწორად შერჩეულ სიტყვებს სხვა ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ამიტომაც მუდამ ცდილობენ მავანნი და მავანნი, სიტყვებზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვებას. ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე ბოროტი რეჟიმები საკუთარ სახელწოდებებში ყველაზე დადებით სიტყვებს იყენებდნენ და იყენებენ. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ჯოჯოხეთურ სახელმწიფოს სახელწოდებაში სიტყვა „დემოკრატიული“ გვხვდება. ასე იყო ორად გაყოფილი გერმანიის შემთხვევაშიც - დემოკრატიული ეწოდებოდა იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა. ხშირია სიტყვა „სახალხოს“ გამოყენება იქ, სადაც ხალხს ყველაზე ნაკლებად ეკითხებიან რამეს. ლოზუნგებსა და დევიზებზე აღარაფერს ვამბობ. საფრანგეთის რევოლუციაც კი „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ სახელით აჭრიდა თავებს განსხვავებულად მოაზროვნეებს. ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, ფსიქიატრები რომ ხუმრობენ - ვინც მოასწრებს თეთრი ხალათის ჩაცმას, ისაა იმ დღეს ექიმიო - ვინც მოასწრებს კარგი სიტყვის დასაკუთრებას, მერე ის სიტყვა იმ რეჟიმთან ასოცირდება ხოლმე ასე იცვლება სიტყვების ძალაც - საკუთარი სახელებიც კი იკარგება კონკრეტული ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების გამო. მაგალითად, დღეს გერმანიაში კაცს, სახელად ადოლფს, ვერ შეხვდებით. ინგლისში კი საუკუნეების განმავლობაში ერიდებოდნენ ბიჭისთვის ოლივერის დარქმევას, კრომველის გამო. საქართველოს პოლიტიკური სპექტრი კარგი მაგალითია ამ მხრივ, სააზროვნოდ და დასაკვირვებლად. მას შემდეგ, რაც ჩვენი სახელმწიფო არსებობს და რაც სიტყვები რუსეთიდან ღიად აღარ კონტროლდება, პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და დადებითი ასოციაციების გამომწვევი სიტყვების დასაკუთრებაში. სიტყვა „ეროვნული“ პირველ პრეზიდენტთან და მთავრობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ სამხედრო გადატრიალებისთანავე ამ სიტყვის პოლიტიკაში გამოყენება, ფაქტობრივად, დასრულდა. მოქალაქეთა კავშირი, რომელმაც 10 წელი მართა საქართველო, დასამახსოვრებელი სლოგანებით არ გამოირჩეოდა - აოხრებულ, დამშეულ და დანგრეულ ქვეყანას სიტყვებისთვის არ სცხელოდა და არც თავად პარტია იწუხებდა თავს ემოციებზე თამაშით. მაქსიმუმი, რასაც „მოქკავშირი“ იყენებდა, იყო „სტაბილურობა“ და „კეთილდღეობა“, რომელთაგან პირველი რეალურად სჭირდებოდა ქვეყანას და მეორე არც ახსოვდა ვინმეს, რა იყო. მაგრამ სწორედ ამ დროს დამკვიდრდა ზოგადად პოლიტიკაში პარტიების სახელწოდებებად ემოციური მნიშვნელობის სიტყვების გამოყენება. ასე მივიღეთ ასლან აბაშიძის „აღორძინება“, ჯუმბერ პატიაშვილის „ერთობა“ და ა. შ. „ნაციონალური მოძრაობაც, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, უფრო ლიდერის სახელზე აკეთებდა აქცენტს, ვიდრე ემოციებზე. ამ დროს ჩნდება პირველად ასპარეზზე ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია და სხვადასხვა პროექტები, საერთო სახელით „იმედი“. ასევე, 2007 წლის შემდგომ, ჟურნალისტების პარტია „ქრისტიან-დემოკრატები“ - რაც პირველი ღია აპელირებაა რელიგიაზე და, თავის მხრივ, ძალიან საშიშ პრეცედენტად შეიძლება, ჩაითვალოს. შემდეგ მოედანზე შემოდის „ქართული ოცნება“ და აქ იწყება თავდავიწყება: ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები მასობრივად იწყებენ შედინებას პოლიტიკაში და, შესაბამისად, საკუთარი მნიშვნელობების შესუსტებას: ირმა ინაშვილის პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგ სიტყვა „პატრიოტი“-ს დატვირთვაც შეიცვალა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „პატრიოტი“ სააკაშვილის პერიოდში მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების სისტემას ერქვა და სრულიად სხვა დატვირთვა ჰქონდა. ღიად პრორუსული ლევან ვასაძის „ერთობა, რაობა, იმედი“, აბრევიატურა - ერი. ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ და ა. შ. რაც შეეხება „ოცნების“ პოლიტიკურ საქმიანობას, ამ 10 წლის განმავლობაში უამრავი მსგავსი სიტყვა ვნახეთ წინასაარჩევნო სლოგანებში: სიცოცხლე („სიცოცხლით სავსე ქალაქი“), ღირსება (ღირსების აღდგენის მოტივებზე მოვიდა მოქმედი პარტია ხელისუფლებაში) და ახლა უკვე ძალიან მრავალმნიშვნელოვანი, ბევრისთვის შეურაცხმყოფელიც კი - მშვიდობა. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით შიშის გამოყენებაზე აქ არ შევჩერდები - ცალკე პოსტს იმსახურებს ეს თემა. სიტყვების ამხელა კორიანტელში, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იყენებს, განსაკუთრებით ბოლო დეკადაში არ გვხვდება ერთი სიტყვა. ერთი, ერთადერთი, სრულიად ჩვეულებრივი სიტყვა, რომელსაც ჭირის დღესავით გაურბის ყველა, ვინც ხელისუფლებაშია, ან მასში მოსვლას ცდილობს. თავისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი სიტყვა, რომელსაც რეალური ცვლილებების მოტანა შეუძლია, ვინაიდან თავისუფლება შიგნით იწყება, ადამიანში. თავისუფალი ადამიანი ცუდი ამომრჩეველია, ცუდი გადამხდელია და, რაც მთავარია, მორჩილი არაა. თავისუფალ ადამიანს ვერ მოატყუებ, ვერ შეაშინებ. და რაც მთავარია, თავისუფალ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც არ გაურბის. ეს პასუხისმგებლობაა ზუსტად, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ „ხალხზე ოდნავ ზემოთ“ მყოფებს. პასუხისმგებლობა პასუხისგებას გულისხმობს საკუთარ საქციელზე და იმიტომ. ლექსო ლეკიაშვილის ბლოგი